შსს-ის ცნობით, ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი, "კრიმინალური ავტორიტეტები" დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან "კრიმინალური ავტორიტეტები": 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა "კანონიერი ქურდის" ოჯახის წევრები - 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად "თეოფილიჩი") და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად "გრიშიჩი").
შსს-ის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ისინი სხვა ადამიანისგან კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ.
ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მ.ა-ს დავალებით, 2 ბრალდებული აღნიშნულ პიროვნებას შეხვდა, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამივე პირი იმერეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.